ეს საინტერესოა: უზენაესმა სასამართლომ თაღლითობისა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების შესახებ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

17 მაისი 2018

იმისთვის, რომ თვალსაჩინო იყოს განსხვავება თაღლითობასა და მოტყუებით ქონებრივ დაზიანებას შორის, უმნიშვნელოვანესია მოხდეს ტერმინოლოგიური (განმარტებითი) გამიჯვნა.

ქონებრივი დაზიანება მოტყუებით- ეს არის შემთხვევა, რის შედეგადაც მესაკუთრეს ან ქონების სხვა მფლობელს ქონებრივი ზიანი ადგება. ამასთან დამნაშავის ქმედებაში არ უნდა იყოს თაღლითობის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. ვინაიდან  დანაშაულის ამ სახეს თავისი ობიექტური მხარის ნიშნებით გარკვეული მსგავსება აქვს თაღლითობის გზით სხვისი ქონების დაუფლებასთან, ორივე შემთხვევაში გამოიყენება დანაშაულის ჩადენის ერთი და იგივე ხერხი - მოტყუება.

ხოლო  რაც შეეხება, თაღლითობას , ეს არის სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, უფრო ზუსტად კი თაღლითობის შემადგენლობის ერთ-ერთ აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს ის, რომ დამნაშავე მოტყუების გზით ეუფლება სხვის კუთვნილ ნივთს, რომელსაც მოტყუებული პირი თავისი ნებით გადასცემს ან თავისი ნებით თმობს უფლებას მასზე.

საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდებოდა თუ არა როგორც ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. რის შედეგადაც უზენაესმა სასამართლომ პრაქტიკულად  განმარტა  და აღმოფხვრა ის გაუგებრობა თაღლითობისა და მოტყუებით ქონებრივ დაზიანებას შორის, რომელიც საზოგადოებისათვის ბუნდოვანი იყო.